Tuesday, October 16, 2018


                                                  ეს საინტერესოა!  სტატია ჟურნალ ,,სპუტნიკიდან''.


ღეროვანი უჯრედები


ღეროვანი უჯრედი   არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია. წყაროს მიხედვით ღეროვანი უჯრედები იყოფა ემბრიონულ, ფეტალურ და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად. განვითარების რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფება წყარო, მით უფრო მეტი ტიპის უჯრედს უდებს დასაბამს ღეროვანი უჯრედი. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მიიღება 5–14 დღის ემბრიონიდან. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან ყველა ტიპის (ან თითქმის ყველა ტიპის) უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში კულტურაში, თუმცა ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ტერატოკარცინომა. ეს პრობლემა შესაძლოა უჯრედების წინასწარი ლაბორატორიულ პირობებში დიფერენცირებით გადაიჭრას. მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები კი ძირითადად იმ ქსოვილს აღადგენენ, საიდანაც წარმოიშვნენ. მათი პოტენციალი საგრძნობლად ჩამოუვარდება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების პოტენციალს, თუმცა მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები უკვე მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან წარმატებით გამოიყენება კლინიკაში ლეიკემიების, ლიმფომების, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტებისა და ანემიების, ლიზოსომური დაავადებების სამკურნალოდ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და პერიფერიული სისხლიდან მობილიზებული სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არის მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ორი მეთოდი. ფეტალური ღეროვანი უჯრედები მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლიდან. ეს უკანასკნელი ცნობილია ასევე ჭიპლარის ვენის სისხლის სახელით.
შვილისთვის ღეროვანი უჯრედის შენახვის შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მშობელს — მშობიარობისას. სხვა შემთხვევაში, ჭიპლარიც და პლაცენტაც ნადგურდება. ღეროვანი უჯრედები 10–დან 30 ათასი წლის განმავლობაში ინახება თხევად აზოტში –160°–ზე დაბალ ტემპერატურაზე. საქართველოში  ჯეოქორდი" არის  კერძო კომპანია, რომელიც ინახავს ჭიპლარის სისხლს. ღეროვანი უჯრედებით მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.



საქართველოში, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში, ერთი წლის წინ ღეროვანი უჯრედების შეყვანით გულისა და ღვიძლის 10-10 ოპერაცია გაკეთდა. ამ ადამიანებს სიცოცხლის  შანსი აღარ ჰქონდათ. დღეს კი მშვენივრად გრძნობენ თავს. ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ კაცობრიობა განუკურნელი დაავადებების შოკიდან გამოიყვანონ - ნებისმიერ დაავადებულ ორგანოში შევიდნენ, ჯანმრთელ უჯრედებად გარდაიქმნან და დაავადებული უჯრედები მოსპონ. სიმსივნეზე უკვე ტარდება საკვლევი მკურნალობები და, - წარმატებითაც. ზოგზე კი, მაგალითად, დიაბეტზე უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ეს დაავადება აღარ იარსებებს - ორგანიზმში შევიყვანთ ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს და იქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
არსებობს ბევრად ფანტასტიკური პერსპექტივებიც. მაგალითად, თვალის ბადურის შექმნის შესაძლებლობა, ანდა დაუნიზმის, ჰიდროცეფალიის, აუტიზმის განკურნება... ეს სია ამოუწურავია. გამაახალგაზრდავებელი ღეროვანი უჯრედების შეყვანით ადამიანის სიცოცხლის 120-150 წლით გახანგრძლივებაზეც კი საუბრობენ... 




6 comments:

  1. ღეროვანი უჯრედები საინტერესო თემაა, ის მრავალი დაავადების დამარცხებისთვის მძლავრი იარაღია.

    ReplyDelete
  2. მეტად საინტერესო თემაა. ღეროვანი უჯრედები საშუალებას მისცემს კაცობრიობას განთავისუფლდეს მემკვიდრული დაავადებებისაგან. შეინახეთ საკუთარი შვილის ჭიპლარის სისხლი ის თქვენი შვილის ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.

    ReplyDelete
  3. საინტერესო თემაა. ღეროვანი უჯრედები- ხსნა დაავადებებისგან. შეინახეთ ჭიპლარის სისხლი, ამით თქვენი შვილების ბედნიერ მომავალს შექმნით.

    ReplyDelete
  4. მეტად საინტერესო თემაა. ღეროვანი უჯრედებით, მართლაც მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

    ReplyDelete
  5. ძალიან საინტერესო თემაა. ღეროვანი უჯრედები დაავადებიბის განკურნების საშუალებას მისცემს კაცობრიობას.

    ReplyDelete
  6. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე პირადად მე, ალბათ სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება.

    ReplyDelete